მამოლოგია

სარძევე ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკა

რისკის ფაქტორები

სარძევე ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უმთავრესი რისკფატორებისა და თვითგასინჯვის ცოდნას, ექომამოგრაფიული და რენტგენომამოგრაფიული მეთოდების დროულ გამოყენებას.
მკერდის კიბოსგან დაზღვეულნი არავინ არის, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ – ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება ნამდვილად გამოგვადგება:
რისკის ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:

  • მენსტრუალური ციკლის ადრეულ ასაკში (12 წლამდე) დაწყება;

  • გვიანი მენოპაუზა (მენსტრუაციის შეწყვეტა 50 წლის შემდეგ);

  • აბორტები;

  • მშობიარობა გვიან ასაკში (ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ასევე, შედარებით მაღალი აქვთ არანამშობიარებ ქალებს);

  • ხანმოკლე ლაქტაცია ანუ ძუძუთი კვების ნაადრევად შეწყვეტა;

  • გენეტიკური განწყობა, ოჯახური ისტორია;

  • ძუძუს კიბო პირველი რიგის ნათესავებში (დედა, და, დეიდა).

  • რადიაცია

  • სიმსუქნე

  • სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილიდან 3 და მეტი ნიშანი. ქალები რომლებიც შედიან რისკის ჯგუფში გამოკვლევას უნდა იტარებდნენ ხშირად.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

მკვრივ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს;
ლიმონის ქერქისებრ კანს;
ძუძუს კანის შეჭმუხვნას;
უჩვეულო ტკივილს ძუძუში;
წვას და სიწითლეს დვრილის არეში;
დვრილის ჩაბრუნებას;
სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.

 

ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ არანაირი სიმპტომი არ გაქვთ, აუცილებელია რეგულარული შემოწმება პროფილაკტიკის მიზნით: თვითგასინჯვა თვეში ერთხელ და სამედიცინო გამოკვლევა წელიწადში ერთხელ

ექომამოგრაფიის ძირითადი ჩვენებებია

35 წლამდე ასაკის ქალები, ორსული და მეძუძური ქალები, ორივე სქესის ბავშვები. ამ შემთხვევებში რენტგენომამოგრაფია არამიზანშეწონილია. ექომამოგრაფიას უპირატესობა ენიჭება მისი სრული უვნებლობის გამო.
სარძევე ჯირკვლის პალპაციის ან რენტგენომამოგრაფიის შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა სტრუქტურის (ცისტების, სოლიდური წარმონაქმნების) დიფერენციული დიაგნოსტიკა
ე.წ. „რენტგენოლოგიურად მკვრივი” ანუ ძირითადად ჯირკვლოვანი ქსოვილით წარმოდგენილი სარძევე ჯირკვალი ( ქალებში 40 წლის ზემოთ)
კაცის სარძევე ჯირკვალი
ტრამვული დაზიანება და ანთებითი პროცესი (მასტიტი)
სარძევე ჯირკვლის კიბოს რეგიონული გავრცელებისას ლავიწზედა, ლავიწქვეშა, იღლიის და შორეული მეტასტაზების გამოვლენა.
ოპერაციული და კონსერვატული მკურნალობის შედეგებზე დაკვირვება დინამიკაში.
ძუძუს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების შედეგებზე დაკვირვება.
ულტრაბგერითი კონტროლით სარძევე ჯირკვლის ცისტების ასპირაცია (დაცლა)
ულტაბგერითი კონტროლით დამიზნებითი პუნქციური ბიოფსია ციტოლოგიური კვლევისთვის

სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა ყველაზე მიზანშეწონილია მენსტრუაციის დამთავრებიდან პირველ კვირას. ქალებმა, რომლებსაც მენსტრუაცია არ აქვთ, სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯონ ყოველთვიურად, ერთი და იგივე დროს.

თვითგასინჯვის ტექნიკა:

სარძევე ჯირკვლების დასათვალიერებლად დადექით სარკის წინ ჯერ დაშვებული, შემდეგ მაღლა აწეული ხელებით. ამ დროს მიაქციეთ ყურადღება:

ხომ არ არის ძუძუს ან იღლიების მიდამოს კანის არაერთგვაროვნება, ჩაღრმავებული ან ამობურცული ადგილები;


გაქვთ თუ არა ძუძუს დვრილის ჩაბრუნება;


გაქვთ თუ არა რომელიმე სარძევე ჯირკვლის ფორმის ან ზომის ცვლილება;


გაქვთ თუ არა გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან;


გაქვთ თუ არა ცვლილებები დვრილზე (სისველე, ქერქები).
ხელით გასინჯვა ანუ პალპაცია ხდება ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. გასინჯვის დროს მკერდი ოდნავ აწეული უნდა იყოს, ამიტომ, ბეჭქვეშ ამოიდეთ პატარა ბალიში.
ძუძუ ისინჯება მოპირდაპირე ხელით (მარჯვენა ძუძუ _ მარცხენა ხელით და პირიქით). გასინჯვა ხდება ნაზად (მოერიდეთ უხეშ ზეწოლას), მთელი მტევნით. სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯოთ მთლიანად, მცირე უბნებად. დიდი უბნის გასინჯვისას შეიძლება შეიგრძნოთ სიმკვრივე, რაც შეიძლება არ ნიშნავდეს პათოლოგიურ ცვლილებას.

გასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:

   წვებით ზურგზე, ხელს შლით “ზემკლავის” მდგო-მარეობაში.

  წვებით ზურგზე, ხელს შლით გვერდზე, “გან-მკლავის” მდგომარეობაში.

   ზურგზე მწოლიარემ ჩამოუშვით გაშლილი ხელი ტანის გასწვრივ, კვლავ გასინჯეთ ძუძუ მოპირდაპირე ხელით.

 
მოპირდაპირე ხელის თითებით გასინჯეთ სარძევე ჯირკვლის ჯერ გარეთა ნახევარი. გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და თითებს გადააადგილებთ ზედა გარეთა კვადრანტისკენ.  

შემდეგ სინჯავთ შიდა ნახევრის ყველა ნაწილს ასეთი თანმიმდევრობით: გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და ხელს გადაადგილდებით მკერდის ძვლისკენ. დააკვირდით არის თუ არა კვანძები, როგორია მათი სიმკვრივე, ხომ არ შეიგრძნობთ მტკივნეულობას.
შემდეგ გაისინჯეთ იღლიისქვეშა და ლავიწქვეშა მიდამოები 

და ძუძუს თავები: ორი თითით ნაზად მოუჭირეთ დვრილს და არეოლის მიდამოს. დააკვირდით არის თუ არა გამონადენი.
გამონადენი შეიძლება იყოს:
• ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლიდან,
• თავისით ან მხოლოდ ხელის მოჭერის დროს,
• სხვადასხვა ფერის: სისხლიანი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი.

 

გაითვალისწინეთ, რომ სარძევე ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნისა და ძუძუს დვრილიდან გამონადენის გამომწვევი მიზეზები კიბოს გარდა ძალიან ბევრია.
ამიტომ, თუ რაიმე უჩვეულოს აღმოაჩენთ, თქვენით დასკვნას ნუ გამოიტანთ ნურც დამამშვიდებელს, ნურც ცუდს. თქვენი ჯანმრთელობა მიანდეთ ექიმს, დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გინეკოლოგს, მამოლოგს). მხოლოდ მას შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი სპეციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით.